საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

viktor dolidze

ძვირფასო მკითხველო,

როგორც მოგეხსენებათ, ჟენევაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების სიმრავლიდან და მრავლისმომცველი თემატიკიდან გამომდინარე, ადგილზე აკრედიტებული საელჩოების მუშაობა სპეციფიკური და მრავალ პროფილურია. გამონაკლისი არც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება გაეროს საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროთი, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, ვაჭრობა და ეკონომიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, შრომითი უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, განიარაღება და შეიარაღებული კონტროლი და სხვა.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და აწ უკვე სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. ჩვენ მადლიერნი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ აღნიშნული საკითხის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია რეზოლუცია საქართველოზე, რომლის მიმართ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო პრაქტიკულად ერთსულოვანია.

ასევე საგულისხმოა, რომ სწორედ ჟენევაში მიმდინარეობს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.

გაეროში მიმდინარე რეფორმების პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ძირითადად აისახება მდგრადი განვითარების მიზნების და 2030 დღის წესრიგის შესრულებით, ბუნებრივია, რომ მუდმივი წარმომადგენლობის ყურადღება დიდ წილად კონცენტრირებულია სწორედ აღნიშნულ საკითხებზე, რამეთუ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების პროცესი სრულ თანხვედრაშია გაეროს მიზნებთან.

ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სახალხო დიპლომატიას და ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ამ მხრივ, მოხარულნი ვართ, რომ მუდმივ წარმომადგენლობაში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ღია ვართ კომუნიკაციისთვის, თანამშრომლობისთვის და თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემისთვის.

საუკეთესო სურვილებით,



ვიქტორ დოლიძე

ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი