ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
„ამბასადორიალი 2017“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება

17.07.2017 თბილისი - ​2017 წლის 18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოშიგაიმართება

„ამბასადორიალი 2017“-ს ოფიციალურად გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით.  

„ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა. ერთ-ერთი სესია დაეთმობა სამინისტროში შეფასების ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორგანიზაციულ განვითარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. ცალკე სესია დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ასევე წელს პირველად ამბასადორიალის მონაწილეები სამუშაო სესიის ფარგლებში განიხილავენ დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება „ეკონომიკური დიპლომატიის“ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,  ბიზნეს წრეები, საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ. კონფერენცია პროექტის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში - „შპს ჯეოკეპი“ გაიმართება და იგი დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს და ა.შ.  

„ამბასადორიალი 2017“ მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.  

„ამბასადორიალი 2017“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით 21 ივლისს დასრულდება. 

 
 

მუდმივი წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ