ალექსანდრე მაისურაზემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 70-ე სესიაში
2023 წლის 18-19 აპრილს გაიმართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 70-ე სესია, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის რეგიონში მდგრადი განვითარებისთვის ციფრული და მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხელშეწყობას. სესიის მაღალი დონის სეგმენტის (high level segment) ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.
მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა ციფრული და მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე. სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს და მის პოტენციალს მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის შემცირების კუთხით. ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტებზე, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის განვითარება, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გაძლიერება და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდა. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონული ციფრული ჰაბის პოტენციალს.
საქართველოს ელჩი შეეხო მდგრადი განვითარების გამოწვევებს, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. გამოსვლაში ასევე გამოხატა საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა პარტნიორებთან, რაც ხელს შეუწყობს ყველა სფეროში მწვანე და ციფრულ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას.
სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ.