ალექსანდრე მაისურაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ვოლკერ ტურკს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (OHCHR) შორის არსებულ სამაგალითო თანამშრომლობას, როგორც ჟენევაში, ასევე OHCHR-ის ოფისთან საქართველოში.
ალექსანდრე მაისურაძემ უმაღლეს კომისარს ასევე გააცნო საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს ახლადარჩეული წევრის პრიორიტეტები. მათ შორის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საბჭოზე ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომლის წარდგენაც მოხდება 2023 წლის მარტში.
მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის განმეორებითი ძალისხმევის მიუხედავად, უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას მაშინ, როდესაც ადგილზე მუდმივად უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები.
ვოლკერ ტურკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს საკითხის აქტუალურობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და OHCHR-ს შორის, როგორც ჟენევაში, ასევე საქართველოში არსებულ ოფისთან.