„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა
2022 წლის 23-24 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში, რომელიც მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით. განხილვაში მონაწილე უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.
სხდომის დასაწყისში, დელეგაციის ხელმძღვანელმა წარადგინა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლების დარღვევებს და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებებით რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, რაც დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებით.
განხილვა წარიმართა დიალოგის რეჟიმში. საქართველოს დელეგაციამ, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, რომელიც მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის- ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, დისკრიმინაციასა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევები და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტები, ეთიკურ უმცირესობათა, უცხოელთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა, მიგრანტთა, ლტოლვილთა, იძულებით გადასახლებულ პირთა და ბოშათა უფლებების დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ განხილვის დროს, დელეგაციის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით ალტერნატიული ანგარიშები წარდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას ღიაობისა და ჩართულობისათვის, ასევე კონსტრუქციული და პროდუქტიული დიალოგისათვის. მათი მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები. ხაზი გაესვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მნიშვნელობას.
ამასთანავე, აღინიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გაუმჯობესებას. „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად სახელმწიფოს გაერთიანებული მე-9 და მე-10 ანგარიშები მომზადდა აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით და იგი კომიტეტს წარედგინა 2020 წლის 30 ივნისს.
განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები აისახება შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში.