Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე

2022 წლის 3 მარტს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატზე, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ადამიანის უფლებათა მდგომარეობა განიხილეს.

თავის გამოსვლაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დაგმო რუსეთის აგრესია და  ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე, რამაც გამოიწვია  ადამიანის უფლებათა უხეში და მასიური დარღვევები, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და უკრაინის მოსახლეობის იძულებით გადაადგილება. ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის ფუძემდებლურ პრინციპებს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა სამართლებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობასა და რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების დაუყოვნებლივი და მიუკერძოებელი გამოძიების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში, ალექსანდრე მაისურაძემ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე. მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველომ დაასპონსორა, შესაბამისი რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებრივი შედეგების თაობაზე, რომლის მიღებაც ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მოხდა.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ პროცესებს, რომლებიც სამართლებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად უნდა წარიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოთა ფარგლებში.

საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებული მოქმედებები, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების უსაფრთხო და დაუბრკოლებელი დაშვება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ უკან წაიღოს უკრაინის განუყოფელი ნაწილების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებები.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგანგებო დებატების ფარგლებში, 4 მარტს, მიღებულ იქნა რეზოლუცია „Situation of human rights in Ukraine stemming from the Russian aggression“.