რევაზ ლომინაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, უკრაინის საკითხზე გამართული ინტერაქტიული დიალოგის დროს, სიტყვით გამოვიდა
2026 წლის 12 მარტს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, უკრაინის საკითხზე გამართული ინტერაქტიული დიალოგის დროს, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი რევაზ ლომინაძე.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გამოწვეულ მძიმე შედეგებზე, რაც განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისთვის, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატური ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო და ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად გამოწვეულ უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.“ -განაცხადა მუდმივმა წარმომადგენელმა.
რევაზ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის საკითხზე დამოუკიდებელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას უახლესი ანგარიშის წარდგენისთვის, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მძიმე შედეგებს.
მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
