რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან
2026 წლის 22 აპრილს, ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
ყურადღება გამახვილდა 2026-2030 წლის პერიოდში, გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის დოკუმენტზე (UNSDCF), რომელიც საქართველოსა და გაეროს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ საფუძველს ქმნის მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის. აღინიშნა, რომ დოკუმენტი სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებთან და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებას.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება UNSDCF-ის მიხედვით განსაზღვრული ძირითადი შედეგების მიღწევა 2030 წლისთვის.
ხაზი ასევე გაესვა მიმდინარე წლის ივნისში, ქ. თბილისში, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის (UN Public Service Forum 2026) გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
