ქ. ჟენევაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, აუტიზმის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება გაიმართა
ქ. ჟენევაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში, აუტიზმის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება და გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აუტიმზმის სპექტრის მქონე ახალგაზრდა ხელოვანების - კამრან ისრაფილოვისა და ფერნანდო ლოსანო მენდესის ნამუშევრები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ. მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აუტიზმის მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პირების უფლებების დაცვისა და მათი სოციალურ ინტეგრაციისთვის შესაბამისი პოლიტიკის განვითარებას.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ქ.ჟენევაში გაეროს ბიბლიოთეკისა და არქივის დირექტორმა შარლოტ ლინდბერგ ვარაკაულმა და საქართველოს მისიას მადლობა გადაუხადა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მისიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თანასპონსორები იყვნენ: ევროკავშირი, აზერბაიჯანი, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, გერმანია, გამბია, მალტა, მექსიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, პანამა, პორტუგალია, რუმინეთი, საუდის არაბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, უნგრეთი,ყირგიზეთი, ჩინეთი.
