საქართველოს კანდიდატი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად იქნა არჩეული
2022 წლის 20 ოქტომბერს, ჟენევაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ოქმის (OPCAT) წევრი ქვეყნების მე-9 შეხვედრაზე გაიმართა არჩევნები, რომელზეც გაერო-ს შესაბამისი ქვეკომიტეტის წევრად (SPT), 2023-2026 წლების ვადით, ხელმეორედ იქნა არჩეული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ნიკა კვარაცხელია.
წამების პრევენციის ქვეკომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე 25 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და ზედამხედველობას უწევს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის განხორციელებას.
საქართველოსთან ერთად, ქვეკომიტეტში 13 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი.
ბატონ ნიკა კვარაცხელიას ადამიანთა უფლებებისა და წამების პრევენციის სფეროებში მუშაობის 14 წლიანი სამუშაო გამოცდილები აქვს. იგი 9 წელია პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. იგი ასევე აქტიურად არის ჩართული ადამიანთა უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემუშავების პროცესში. ბატონი ნიკა კვარაცხელია, როგორც წამების პრევენციის ქვეკომიტეტის აქტიური წევრი (2019-2022 წწ.), ასრულებდა წამების პრევენციის ქვეკომიტეტის აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელის და წამების პრევენციის ქვეკომიტეტის ჯანდაცვის საკითხებზე სამუშაო გუნდის წევრის მოვალეობებს. იგი ასევე არის წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) კოვიდ-19 კრიზისული სამოქმედო ჯგუფის წევრი (ექსპერტი).