რევაზ ლომინაძემ მონაწილეობა მიიღო რამსარის კონვენციის სამდივნოსა და საქართველოს დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაში
2026 წლის 5 მაისს, ჟენევაში, გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა რევაზ ლომინაძემ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრაში, რომელიც “საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ” კონვენციის (რამსარის კონვენცია) სამდივნოსა და საქართველოს დელეგაციას შორის შედგა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო–“რამსარის კონვენციის” სამდივნოს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და განსაზღვრეს სამომავლო პრიორიტეტები.ხაზი გაესვა საქართველოს მიერ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
რამსარის კონვენციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის შემუშავების, წყლის რესურსების მართვისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.